ძვირფასო მოსწავლეებო, გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ ტესტებს და შეასწროთ სტილისტური ხარვეზები

ინტერვენცია N 1

სტილი
    სტილისტიკა ენათმეცნიერების დარგია, რომელიც ენის გამომხატველობით საშუალებებს შეისწავლის. სტილისტურად გაუმართავია წინადადება თუ ენობრივი საშუალებები არ შეესაბამება გადმოსაცემ შინაარსს.
გვხვდება სხვადასხვა სახის სტილისტური ხარვეზი:
  კალკი ეწოდება ახალი სიტყვებისა და გამოთქმების წარმოქმნას სხვა ენის ლექსიკური ერთეულების მიხედვით, სიტყვასიტყვისთ თარგმნის გზით.
   თუ ენას გააჩნია საკუთარი ლექსიკური ერთეული და მის ნაცვლად კალკირებულ ფორმას ვიყენებთ, ეს სტილისტურ ხარვეზად მიიჩნევა, მაგალითად: მცდარია არ მაწყობს ფორმის გამოყენება, რადგან ქართულში არსებობს გამოთქმა: არ არის ხელსაყრელი ან მე ხელს არ მაძლევს.
სავარჯიშო: გაასწორეთ წინადადებებში დაშვებული სტილისტური შეცდომები ისე, რომ არ შეცვალოთ შინაარსი და გადაწერეთ.
1.      ეს ჩვენს მდგომარეობასთან უშუალო კავშირშია.

2.      მეგობრებო, საქმე იმაშია, რომ ჩვენ ვერ შევძელით ამის მარტო გაკეთება.

3.      ის ყოველთვის საქმის კურსშია, რა ხდება ქვეყანაში.

4.      ჩვენთან გაყიდვაშია საუკეთესო ხარისხის ტანსაცმელი.

5.      ეს საკითხები ერთმანეთთან შესაბამისობაშია.

6.      სხდომაზე ახალი სახელმძღვანელოების განხილვა აწარმოეს.

7.      ლალი სულ შიშის ქვეშაა, რომ როდესმე იგივე განმეორდება.

8.      ეს მხატვარი აკვარელში ხატავს.

9.      სოსომ სწრაფად მიიღო გადაწყვეტილება.

10.  მისი სიტყვები გაგებული იქნა, როგორც გამოწვევა.

   სტილისტურ ხარვეზად მიიჩნევა სიტყვათა უფუნქციო განმეორება. ამ მოვლენას ტავტოლოგია ეწოდება. ტავტოლოგია არსებობს აშკარა და ფარული. აშკარა ტავტოლოგია წარმოიშობა ერთი და იმავე სიტყვების ან ერთნაირფეროვანი სიტყვების გამეორებით. მაგ: ადამიანმა ისწავლა ადამიანისათვის საჭირო ნივთების კეთება.
   ფარული ტავტოლოგიაა ერთი მნიშვნელობის მქონე  ქართული და უცხოური სიტყვების თავმოყრა: მაგ: კარგი ავტორიტეტი. ( ავტორიტეტი კარგი რეპუტაციის ქონას ნიშნავს).
დაიმახსოვრეთ!
  ერთი ფუძით ნაწარმოები სიტყვების თავმოყრა არასასურველია. ტავტოლოგია სინონიმური სიტყვების ჩანაცვლებით შეიძლება ავიცილოთ თავიდან.
სავარჯიშო: გაასწორეთ წინადადებებში დაშვებული სტილისტური შეცდომები ისე, რომ არ შეცვალოთ შინაარსი და გადაწერეთ.
1.      შეთქმულების ლიდერს მძიმე სასჯელი მიუსაჯეს.

2.      ამ ორი შემოქმედის შემოქმედება ქართველთა ეროვნული სულის გამტკიცებას ემსახურებოდა.

3.      ძალიან ლამაზი ფარდაგი ეგო - ნაირფერი ფერებით ნაქსოვი.

4.      როგორც ჩანს, ენამახვილი ენა ჰქონია.

5.      მხიარულ ხასიათზე მყოფი ახალგაზრდები კიდევ დიდხანს მხიარულობდნენ.

6.      ჩვენს კლინიკაში მოსულ ავადმყოფ პაციენტებს ახალი მეთოდებით ვმკურნალობთ.

7.      საშინელი ნოსტალგიით ენატრებოდა თავისი პატარა სოფელი.

8.      არ მჯერა, რომ ამინდის წინასწარი პროგნოზი ყოველთვის ამართლებს.

9.      მისი ცხოვრება ამოუხსნელი პარადოქსებით არის სავსე.

10.  ეს ქსოვილები მხოლოდ ნატურალური ბუნებრივი საღებავებით იღებება.



Comments

Popular posts from this blog

XI კლ. მოსწავლეებს გთხოვთ ყურადღებით იმუშავოთ ტესტზე

კითხვები, კვლევაში საკონტროლო შარევისავის